Nino Vartapetiani. The Existence of Labour Migrants

by borjomi.tv

შრომითი მიგრანტების ყოფა

„დავტოვე ოჯახი და წავედი სხვა ქვეყანაში სამუშაოდ, რომ ისევ ჩემ ოჯახს დავეხმარო“;
„როცა არალეგალურად ხარ წასული, მუდმივ შიშში ხარ, რომ არ გამოგიჭირონ და არ დაგადეპორტონ“;

„რასაც ვმუშაობ, ყველაფერს საქართველოში ვაგზავნი, რომ ვალები დავფარო“;

„ემიგრაციაში ყოფნისას ბევრი სირთულე გხვდება, იქ ყურადღებას ვერ აქცევ საკუთარ ჯანმრთელობას და სხვა პირობებს, ორიენტირებული ხარ, რომ იმუშაო და ფული აიღო“, –
 ამას ის ემიგრანტები ამბობენ, რომლებიც სხვა ქვეყანაში მიდიან და ოჯახს საქართველოში ტოვებენ. სამუშაოს საძებრად მიდიან და რჩებიან არალეგალურად, არ აქვთ არანაირი უფლებები და ხშირად, უცხო ქვეყანაში ქუჩაშიც ვერ გადიან დეპორტაციის შიშით. საქართველოში ყველას ჰყავს ნათესავი, მეზობელი, ახლობელი, ახლობლის ახლობელი, რომელიც უცხოეთში წავიდა, მუშაობს და სამშობლოში წლების განმავლობაში ინახავს ოჯახს. ასეთები ძალიან ბევრნი არიან. შრომითი მიგრანტები არიან ტაბაწყურშიც.

სოფელი ტაბაწყური

ტაბაწყურის თემი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიანი ზონაა. ეთნიკური სომხებით დასახლებულ ზონას, ძირითადად კაცები ტოვებენ და სამუშაოდ რუსეთში ან სომხეთში მიდიან. იქ ძირითადად ფიზიკურად იტვირთებიან, გამომუშავებულს კი ოჯახებში აგზავნიან და ასე ცდილობენ დაფარონ ის ვალები, რომლებმაც მათ მშობლიური ქვეყნის დატოვება აიძულეს.

პანდემიის გამო, დროებით გზები იყო დაკეტილი, შემდეგ ბილეთის ფასი გაუძვირდათ და ფაქტობრივად, ერთი წლის მანძილზე ვერ შეძლეს ემიგრაციაში წასვლა. ახლა გზები გაიხსნა და მიმოსვლა კვლავ გააგრძელეს. ერთ-ერთი ასეთი მიგრანტია რუდიკ ხაჩატურიანი.

გვიყვება, რომ ბევრი თანასოფლელის მსგავსად, ისიც რუსეთში დადიოდა სეზონურ სამუშაოზე. ექვს წელზე მეტია მოსკოვში ფიზიკურად მუშაობს. ყოველი ახალი წლის შემდეგ, ტაბაწყურში ოჯახს ტოვებს და რუსეთში 10-11 თვით მიდის. მძიმე შრომით აღებულ ხელფასს ოჯახს უგზავნის.

„მთელი წელი ოჯახში არ ვარ ხოლმე, რაც, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ რას იზამ… მუშაობის დროს, სულ მელანდება ჩემი შვილები, ცოლი, მშობლები, ოჯახი… მაგრამ, როცა ოჯახს სჭირდება შენი გვერდში დგომა, მაშინ უნდა ადგე და წახვიდე, უნდა გააკეთო ყველაფერი“.

რუდიკის მსგავსად, ემიგრაციაში მიდის ამ თემში მოსახლეობის თითქმის 70%. სოფელში დარჩენილი ადგილობრივები კი ძირითადად მიწას ამუშავებენ და სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები.

„სოფლის ხალხი საზღვარგარეთ მუშაობს ან აქ მიწაზე.ნაწილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ჯერ სომხეთში მიდიან და შემდეგ რუსეთში. იქ ცხოვრობენ და მუშაობენ სულ. აქ, სოფელში იშვიათად ჩამოდიან“, – გვიყვება ტაბაწყურში მცხოვრები ონიკ სანდაძე.

სოფლის რწმუნებულებს შრომით მიგრაციაზე ვკითხეთ. გვეუბნებიან, რომ ეს მოსახლეობის გადარჩენის და დაგროვებული ვალების გადახდის ერთადერთი იმედია.

სოფელი ტაბაწყური

ტაბაწყურის თემი ერთადერთი არ არის, საიდანაც მოქალაქეები უცხო ქვეყანაში სამუშაოდ მიდიან. ზოგი საკუთარ ისტორიას ღიად გვიყვება, ზოგიერთი მათგანი კი თავის ამბავს გვიამბობს, თუმცა გვთხოვს, რომ მისი ვინაობა არ გავამხილოთ.

ყველაზე მეტად, მაიას (სახელი შეცვლილია) მაინც შვილებთან განშორება უჭირს. ოჯახის მონატრება და სტრესი, რომ მიმღებ ოჯახში ყველაფერი იდეალურად გააკეთოს, მას ჯანმრთელობის ფასად უჯდება. მაია სამი წელია რაც პოლონეთშია წასული სამუშაოდ.

„ყოველი განშორებისას მეუბნებიან, არ გვინდა დედა ფული, ოღონდ შენ იყავი ჩვენთანო. ძალიან რთულია ამის მოსმენა და შემდეგ მათი დატოვება“.


თამარ სტეფნაძე საფრანგეთში 10 წლის წინ წავიდა. იქ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

„როდესაც ემიგრანტების დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ორმხრივი პროცესია. ვერც ერთი ადამიანი ვერ დაბრუნდება, თუ მას რაღაც არ ეგულება ელემენტარული ადამიანური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ყველას არ შეგვიძლია მანდ ჩამოვიდეთ და ახალი ბიზნესი წამოვიწყოთ, ამიტომ, როდესაც ჩვენ რაიმე ქართულ ვაკანსიებს ვეხმაურებით აქედან, ყველა სექტორმა უნდა აიღოს პატრიოტული ვალდებულება გარკვეულწილად, რომ თავის დასაქმებულთა რიგებში ერთი ემიგრანტიც გაურიოს დროდადრო და მისცეს საშუალება სამშობლოში დაბრუნების“.

საქსტატის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 3 716 900 ადამიანი ცხოვრობს. უმუშევრობის დონე ქვეყანაში 2020 წლის ბოლოს 20,4 %-მდე გაიზარდა. დაუსაქმებელი ადამიანების ოფიციალური რაოდენობა პანდემიური წლის ბოლო კვარტალში, წინასთან შედარებით, 307 800 მოქალაქით მეტია.

„ზრდადია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. 2017 წელთან შედარებით მათი რაოდენობა 2018 წელს 8.5%-ით გაიზარდა. ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეების 60% საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება“, – წერია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 2019 წლის ანგარიშში.

IOM-ის ზოგადი მიდგომა მიგრანტთა ინტეგრაციის მიმართულებით ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

-მიგრანტების სოციალური ჩართულობა და საზოგადოებრივ მომსახურებებზე წვდომა;
-ინფორმაციის გავრცელება მიგრანტთა რესურს ცენტრების მეშვეობით;
-მიგრანტთა დატრენინგება, გამგზავრებამდე საორიენტაციო და ჩამოსვლის მერე ენის ტრენინგების შეთავაზება;
-ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მედია ტრენინგები, ანტი-ქსენოფობიური კამპანიები;
-ინტეგრაციის პოლიტიკის განვითარება;
-მიგრანტთა ინტეგრაციის პროგრამის განვითარება.


“მიმღებ/მასპინძელ ქვეყანაში არსებული ინტეგრაციის პოლიტიკა გარკვეულწილად ქმნის გარემოს, სადაც მიგრანტს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს პროფესიულად, შეიძინოს ახალი უნარები. გარდა ამისა, სამშობლოში მას უნდა დახვდეს მომზადებული გარემო, რათა მისი ცოდნა და უნარები გამოყენებულ იქნას ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისთვის“
 – განაცხადეს ტელეკომპანია „ბორჯომთან“.

რაც შეეხება მთავრობის სამოქმედო გეგმას. სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის სახელმწიფომ 2016 წლიდან დაიწყო მიზნობრივი პროგრამების განხორციელება და თანხების სისტემატურად გამოყოფა ბიუჯეტიდან. 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600,000 ლარი გამოიყო, 2017 წელს 590,000, ხოლო 2018 და 2019 წლებში – 650,000 ლარი. სტრატეგიის ფარგლებში მიღწეული შედეგების სიღრმისეული ანალიზისა და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, 2019 წელს დაიწყო მუშაობა 2021-2030 წლების მიგრაციის ახალი სტრატეგიის კონცეფციაზე/ხედვაზე, რომელმაც მიმდინარე სტრატეგიის გამოცდილებაზე, ასევე კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა განსაზღვროს ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები მომავალი 10 წლისთვის.

„სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გრანტები გადაეცემათ. დაფინანსების მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა 4000 ლარს შეადგენს – გვპასუხობენ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში.

გარდა შრომითი მიგრაციისა, საზღვარს კვეთენ სასწავლებლად წასული ახალგაზრდებიც. მათი დაბრუნების პერსპექტივაც ისეთივე ბუნდოვანია, როგორც შრომითი მიგრანტების. უმუშევრობა, მიზერული ხელფასები, პროფესიული ზრდის შესაძლებლობის არქონა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი გახდა „ტვინების გადინების“ მიზეზი. შრომით მიგრაციას კი მოაქვს სხვა სირთულეებიც – დანგრეული ოჯახები, მშობლების გარეშე გაზრდილი ბავშვები და მოსახლეობის შემცირებული რაოდენობა საქართველოში. პასუხისმგებელი კი ამაზე ქვეყანაში არავინაა.

borjomi.tv

Total
0
Shares